მომხიბლავი სულები – ზურა ნეფარიძე
***
რეაქტიული სისწრაფით მშენებარე ქალაქთა ქსელებში იხლართებიან
რეაქტიული ქალაქი რეაქტიული სისწრაფით იძინებს
გადაღლილ ქუჩებში ლამპიონთა სევდა ისადგურებს
ყლუპ ალკოჰოლს ნესტიან ბოდვათა კასკადი მოჰყვება
ჩვენ ხომ ვიცით რომ ერთი არასწორი ბგერა შთაგონების მზარდ შუშას ბზარავს
ვერანაირი ეკოლოგიური ზრუნვა ვერ გადარეცხავს
დღის შუქიდან ამოზრდილ დაბინძურებულ და ქვად ქცეულ ეთერულ ხედებს
აზარტულ მგზნებარებაში ამოხეთქილ წებოვან ბოდვებს
რომლითაც დამსკდარია ქალაქის ნებისმიერი ფანჯარა და ფოთოლი
საიდან ჩნდებიან უთვალავი მიზეზით წამებულთა გაბოროტებული ინკარნაციები
მათ მშიერ სახეებზე ტკივილის და განადგურების პოლუსები გაყინულან
და როგორც კი დნობას იწყებენ
ჩვენ ვგრძნობთ რატომ გვინდა ტირილი
როცა უწყვეტი ხანგრძლივი სიჩუმეა
და ჩვენ არ ვტირით
რადგან ცრემლი უნდა წარმოიშვას სითხისგან
არამედ ვჩიჩქნით სიღრმეებში გაფანტულ სიყვარულს
ჩვენ ვართ გამომშრალი ფიტულები
რომლებიც ვიღაცამ მოწყენილობის დროს შექმნა
და უკონტროლო სივრცეში ფრთების გარეშე გაუშვა
წერტილად ქცეული სიმწვანე
არ ყოფნის ფიქრებს
სიმშვიდის ბუდეში სიცოხლის გამოსაკვებად
სიცოცხლის საკვებად ნეონთა გადღაბნილი მელანქოლია წარმოქმნილა
ცივილიზაციურ მორევში ვთვლემთ
და ვეშვებით მომწამვლელად მათრობელ ფერებში
ცომივით იზილება მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
ათასფერად შეთითხნილი თვალებით ვუყურებთ
დაღლილი ემბრიონები როდის გადმოხტებიან მუცლიდან
და მათ ნორჩ გულებში ჩვენს დაავადებულ ოცნებებს ვტენით
ყოვლად შემაფერხებელი მოწყენილობის ბნელ გამოქვაბულებში
სისხლი ანუ სული მოწამლულია ქაოტური სუნთქვის რიტმით
ოთახებში ფარდის და იატაკის გამყოფ ხაზზე
არათვითმყოფადთა სასოწარკვეთილი
ვერმოძებნილი სიტყვები ყრია
და ყვირიან
და ყვირიან და ილოკავენ სიტყვებს პოეტები
პოლიტიკოსები და მსახიობები
აღმზრდელები
მოვაჭრეები და მღვდლები
ბლაგვი სიტყვებით ნიშნავენ ადგილებს
ხმაურით ტოვებენ სხეულებს სიტყვები
თითქოს ლორწო იცლება სხეულიდან
როცა რაღაც უნდა ითქვას
და არავინ საუბრობს
საცერივით დახვრეტილ ქუჩებში
ათოვს ბილბორდებს
***
რასაც ვაფოკუსებ ყველაფერი ფართოვდება
იზრდება და გარემოს გადასცემს თავის ხასიათს
ჩემი ხელის მტევნები არის დაძარღვული
გაცრეცილი ყვითელი
და არ გამოიყურება ისე როგორც ადამიანის
ჩემი გონება და წარმოსახვა
ჩემგან დამოუკიდებლად ქმნის პარალელურ განზომილებათა სურათებს
ვერ ვგრძნობ სიცივეს სიკეთეს და სიბოროტეს
ვარ ზღაპრული სამყაროთი მოჯადოებული პერსონაჟი
რომელსაც თვალთაგან ლიბრი აეცალა
ტვინში გაყინული შუშა
როგორც ღერძი მექანიზმში
ჩაეზარდა
და არაფერს მატებს დეტალებით სავსე
იდეალურ
ჯადოსნურ სფეროს
სადაც გამჭვირვალე გაყინული ნიადაგის ქვეშ
იისფერი მოზაიკური სახეები გაქვავებულან
გაქვავებულან თუმცა იღიმიან
და მაგრძნობინებენ რომ ზუსტად იქ ვარ სადაც უნდა ვიყო
და ხეები მოწამლულ პეიზაჟებს ფარავენ
მეხუტებიან და ტოტებს თითებივით იშვერენ ჩემსკენ
როცა იმის შესახებ ვიწყებ ფიქრს
რასაც ჩემი ყოველდღიური ნაგვით და საზრუნავით გამოტენილი გონება უტრიალებს ანგრევს და აშენებს
რა არის ეს
ჰალუცინაცია თუ სამყაროს ისეთი სურათების დაჭერა
რომელშიც თავის საიდუმლოებებს მაცნობს და ჩამჩურჩულებს
შემხედე
მე ისეთი არ ვარ როგორსაც რუტინაში გათქვეფილი მგრძნობ
მე ისეთი ვარ როგორსაც შენი გონება წარმოსახავს
თუმცა ჩემთან ზიარებით იქმნება იგი
და იზრდება და შენგან დამოუკიდებლად თანაარსებობს შენში
მე ერთხელ ვიყავი სისხლსავსე ბედნიერების ტყვეობაში
სურვილთა გაღვივების ბუდეში
მსხმოიარე აყვავებული ხის წვნიან ძარღვებში მსუბუქად მცურავი ნაწილაკი
ჩემს ბოდვათა ბიბლიოთეკაში თავმოყრილია
ცარიელ ტომრებში მტვრით გაგუდული ხილვები
ვფხიზლდები
რათა უფრო მომაკვდინებლად მოვკლა სიფხიზლე
და პოეზია შევიგრძნო როგორც მომაკვდავი მაგრამ უკვდავი ფლორა
***
ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება
***
დროს ნუ კარგავ ფიქრთა მართვის მოსაპოვებლად
შესაძლოა ეს ნიშნავდეს იდეებზე უარის თქმას
ეს არაფერია
როცა წამი ნიშნავს იდეებს ჩარჩოში
როცა გაძვერი ხორცის მარწუხებიდან
იყავი
ჭრიჭინებისგან გაგუდულ ტყის შუაგულში
ლაქის საპოვნელად მისული
ერთ ბოთლშია დამწყვდეული ჩემი სიყვარული
წადი და მარწყვის მდელოზე ამოარწყიე
საკუთარი პოეტური მიზანთროპია
ფოთოლთა თვალთა მწვანე სიმეტრიულ სიბნელეში
იმ დროს როცა კითხავ შენ თავს
ვისი აქ მოსვლა გაგიკვირდებოდა ყველაზე მეტად
***
როცა თვალებს ვხუჭავ და ბგერები მაბრუნებენ ჩემში
ხეთა იისფერი სულების უხმო ნიავი
თუ ქარბორბალაა
ტყეში
ჰაერი მაქვს მუცლის ნაცვლად
ხელს ვიფარებ თვალებზე და ხელი არის გამჭვირვალე
ენერგოხაზები მივლის უმტკივნეულოდ
და ჩანს მის მიღმა ფოთლები
ფოთლებს მიღმა – ცა
გარშემო ყველაფერს ვბლოკავ (გარდა ხმებისა)
რაც არ მინდა რომ ჩემამდე მოვიდეს
ხეს ვეყუდები როგორც ჩათამბრჯენს და მასთან ერთად ვირწევი წინ და უკან
წინ და უკან
ქუჩებში მიმდინარე პროცესები ჩემს მონაწილეობას ითხოვენ
ჭიანჭველები ძრავების ხმაზე ორ ფეხზე ცეკვავენ
ზეცას ძუძუები ჩამოეწელა ნეონთა ციხესიმაგრეებში
თვალებს ვხუჭავ და
კიბეზე ჩამავალ შავებში ჩაცმულ მოხუც ქალს ვხედავ
ბავშვივით ვუღიმი ჩემს მიერ წარმოდგენილ მონსტრებს და ისინი ქრებიან
ვიწყებ საუბარს და ვბრუნდები ჩემში
უხმოდ ვარ და სხვადასხვა სივრცეებს ვუერთდები
***
შენისლული შავი ტბის თავზე ფარფატებს ნაკადი
მშვიდად წარმოქმნილი ენერგიის
ელექტრული პეპლების
მშვიდი ცურვა
უკაცრიელ „მთვარის ჩრჩილთა“ ხეობაში
არ თბილა
არ ცივა
არ იძვრის ჰაერი
არ ისმის ბგერა
ლურჯი სინათლის ეპოქალური მზადყოფნა სფეროსებრ მუდმივობაში
ძვალთა შორის გამდნარ აგრესიას გამორეცხავს
და დაგვანახებს
ჩვენს თვალებში ანთებულ გაღიმებებს
***
ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება
***
იისფერ ნიავში გაფრქვეული ბობ დილანის ჰარმონიკა
რიტმულად კრავს ნაძვის ტოტებს
იქ სადაც სამი ქალაქისკენ და სიფხიზლისკენ ზურგშექცეული მეგობარი
საუბრობს პოეზიაზე
ხეებზე
და ბედნიერების განცდას სცილდება ბუტაფორია როგორც ფასადი
შიგნით ქუჩებში ცხარდება ბრძოლა ფასადების დაკავებისთვის
შიგნით ქუჩებში
შიგნით მანქანებში
შიგნით ბაზრებში
შიგნით ტაძრებში
შიგნით სახლებში
სადღაც რომელიღაც კუთხეში
ყველგანაა იესოს ჯვარცმა
ყველგან არაა თავად იესო
ყოველი სახლის რომელიღაც კუთხეში ყრია
2 ლარიან წმინდანთა წმინდანთა ჯარი
დღეს შევნიშნე რომ ჩემი სახლის კუთხეებში
მიმობნეულა ბოთლები და წიგნები და ფოთლები
შიგნით მყრალი ბაზრის შუაგულში
ბებერი ნარკომანი მეძავი
წყლის ჭავლის წინააღმდეგ იბრძვის
ტირანოზავრის ჩონჩხი ელექტრული კანკალით ითხოვს ბილბორდიდან გაქრობას
არსებობს გაქცევის მსურველთა
ჩანთაში ჩაყრილი ნივთების გაღიზიანებული ტონი
მიბმული ნერვულ სიმშვიდესთან
არსებობს მთლიანობის უსაზღვროების შეგრძნება
და მის ნაყოფში
უარყოფილი ხორცი
Leave a Comment