ლოტის ცოლო – ნიკა გეი

ღმერთს

ვინც წყალია და კვამლი
და ღრუბელი პირზე ენის სველ ტეხილებში
ვინც მოვიდა ჩემს გონებაში წყვილი ურჩხულების შესაქმნელად
მე ვიგერიებ მკვდარ მწერებს მობუზულ რქებზე
ბალახი ტირის ბალახი ღრიალებს მათ ჩლიქებქვეშ და მეკრობა ტანზე
შენ შექმენი ეს ოთახი ოდენ შემკვრივებული ჰაერისგან
და მიწა ჩაიფიქრე
და ტკივილი შობე
მე აქ ვიყავი როცა შეკარი ჩემი მუცელი ყვავილებად
აქ ვიყავი მრავალ ოთახში ერთდროულად და არცერთში
არ ვარსებობდი რადგან შემეძლო ვყოფილიყავი ყველგან შენ მსგავსად

შენ მითხარი ძვირფასო დაიძინე
მოგაკითხავ იქ სადაც ყველა ქვა ერთმანეთს უყვება ჩვენზე
და ვიხილე სიზმარი მსგავსი იუდეის ყველა შვილის
ჩემს თმებზე ცხოველების კვნესა ეფინა მათი დაღვრილი სისხლი
და გაიღვიძა ჩემში აუტანელმა შიმშილმა ტკივილის მიყენების
დახოცე ვარდები მის ბაღში დახოცე ვარდები მის ბაღში
და ხმა იქცა ნალექად ჩემს ყურში
შენს სახედ რომელსაც ვარდის ყელივით ვჭრიდი
შენ რომელიც ასე მშვენიერი იყავი
შეწირულ ცხოველთა წყლებით ამოვსებული

მე ვსვამდი შენი ასოდან შხამს და ვფიქრობდი თაფლსა და რძეზე
თითქოს შენი სხეული ყოველ ჯერზე მკლავდა და მაცოცხლებდა
სიკვდილის მარადმყოფი ცეკვა სიცოცხლესთან
სიტყვები რომელიც აეკრა ტაძრის კანს მის გამუქებულ კედლებს
და ზარები განათდნენ ლურჯ ცახცახში
რომელიც სდევდა შენს კვალს ღამით და სდევდა მას დღისით
როგორც ცხენების თქარუნი საძირკვლებში მიწის ნაღერღში
ვფიქრობდი როდის მომიპოვებდი
დამამარცხებდი ამ გზაზე მამების მსგავსად
მე ვისაც არ შემეძლო მელაპარაკა ჩემი ზურგის ნაცვლად
ნაცვლად ქარისა რომელიც ჯერ დაიგუბა ტბის ახლომახლო
და მერე გაიშალა აურზაურის სიფერმკრთალეში
მფეთქავი შეუჩერებლივი დენა მდუმარების
რა სდევდა მას წინ თუ არა შენი დანაკარგის შიში
რას დავინახავდით შენს ძარღვებქვეშ რომ ჩაგვეხედა
თვალისმომჭრელ სინათლეს რომელიც კლებულობს
როგორც ათასი მდორე მდინარე ზღვაში ჩადინებისას
და როცა ვხედავ როგორ გშია ბაღის უკან დამალულ ხესთან
როგორ ივსება შენი პირი ფუტკრებით და საზარელი პეპლებით
მე სამუდამოდ ვეშვები შენი სულის მარადბნელ ფსკერზე
თანმყოფი სახე ამოუვსები შიმშილის რომელიც მუდამ თან გახლავს
და იქ სადაც შენზე არ ვლაპარაკობ
სხვა საგნები მეტყველებენ სხვა თანამგზავრები ამ შეურთებელი კავშირების
გზის მჭრელი გოლიათი ქვები
და სიზმრიდან ვიხედები სხვის ძილში გამოკეტილი
რა მელოდება გამოღვიძებისას
გავტეხ ამ მდუმარების გრძელ ტიხარს
ჩემი ჯოჯოხეთური შიშის ბრწყინვალება სიცარიელის წინაშე

მე კვლავ მარტო ვარ შენი მარტოობის ხატად და მსგავსად
შენი ტკივილის და იარების
თმებიც ისეთივე მუქი და ხვეული და ანარეკლი გუბურიდან მელაპარაკება
\შენ დაკარგულო შვილო რომელსაც გეძებდი\
რას მეტყვი როცა ძალიან ქვევით დავეშვები
საკმარისად ქვევით შენი მზერისგან
ცეცხლი მიწაში იმალება სადაც ქალია და სადღაც მაღლა დაგტოვე
იქ სადაც პირველქმნილი სიტყვა შემოიგარსა
ოდენ ჩანაფიქრებით ხეების და ჩიტების მსგავსი
და როცა პირი დააღე ხელი გააჩერა სიბნელემ მასში
შეყოვნდა საკმარისად დიდხანს
რათა სინათლეზე დაყრდნობით გამოსულიყო
როგორი იყო ეს სიტყვა
ნაკლული მოძრაობა მძიმე მეტალის და მისი სათქმელის სისუფთავე
როგორც საკრავის რბილი ფრენა ყურთან
მოულოდნელობისგან ხელმოცარულობა
შენ საკეტი ხარ ყველა საგნის საიდანაც ვლამობ გაღწევას
საკეტი  და არასოდეს გასაღები
ეს კარი არ წამიყვანს ზღვასავით მოელვარე მინდვრებისკენ
ვქრები შენს მეტყველებაში გამოცხადების ჟამს

როცა მხოლოდ მეტი ქარიშხალი ხარ ქალაქის თავზე
და ღამის დიდი თეთრი ნაჯახი
ნათლად ვხედავ ბავშვის ყველა დაცემას და შეყოვნებას
მისი ცრემლის ცივ სიმტკიცეს მამის პირისპირ
და ჩემს გონებაში ყველა მათგანის სამალავს მცენარეებში
სადღაც შენ მიერ შექმნილ მღვიმეში სინათლედ ვყრი მის პატარა სხეულებს
მსხვერპლთა წითელი სიკაშკაშე ცაზე
შენ გააქრე ჩემი სახელი
შენ რომელიც ხარ და მე რომელიც არ ვარ
შენ მშვიდი ბოროტება სიკეთის ფესვებში პირველყოფილი შხამი
და გაძევებ ჩემი სულის ჭუჭრუტანებიდან ქალური ნაპრალებიდან
ღია დატოვე სარკმელი ჩემში
ღია დატოვე ჭრილობა ჩემში და შიგ ყვავილი
ვინ იზრუნებს მასზე
ვინ შემორკალავს ქარის ხმას
საზრდო რომელიც მოგვეცი
ღამეს ვჭამთ
კარის ყრუ ჭრიალს და ცეცხლს ვჭამთ
ეს იყო პირველი რაც დაგვიტოვე აქ სადაც მანძილები გვირტყამენ
მე მიწას ვეკუთვნი
ფუტკრები ზუზუნებენ ის მიწას ეკუთვნის
რაღაც არის ჩემში რაც სამუდამოდ გკლავს და გაძევებს