მე მოვალ ჩემი გულის შემოსაწირად
მე მოვალ ჩემი გულის შემოსაწირად
მაშინ, როცა გამთენიისას კაკლის ფოთლებზე სიბნელე მოგროვდება,
მე მარტოხელა კაჭკაჭივით ვცხოვრობდი და ველოდი
პირიდან ველურ ყვავილებს ვისროდი და ჩემს უძველეს
სულს გაჩვენებდით.
ისე ვიცხოვრე, როგორც კაკლის ყვავილმა,
მაგრამ..
მწარედ მოვთქვამდი იმ მწერივით,
ზაფხულში კანს რომ იცვლის.
და ვიმღერებ მონატრებისგან გაგიჟებული
იმ სიმღერით, რომელიც თითის ანაბეჭდებს გააპნევს ჰაერში.
ეს იქნება სიმღერა, რომელიც ცეცხლივით იფეთქებს ყელში.
ეს სევდიანი სიმღერა იქნება.
მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი გული გავცე.
რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი
ბრინჯის მინდვრებში, მთის ჩრდილზე
უძრავად დგას მოხუცი ჩიტი, იბისი.
ვხედავ ღრმა ფიქრებს, რომლებიც მის სხეულში მკვიდრობენ
ისევე, როგორც ერთ დღეს ცარიელ აუზს ვუყურებდი.
ასე გამოიყურება მარტოობა?
საღამოვდება, მთების ჩრდილები ნელ-ნელა ეხებიან იბისის ფეხებს.
რადგან ის იხმეს
საღებავივით შავი და ყინულივით ცივი,
ჭიანჭველის ბუდიანი სახე,
თუმცა, მისი ფეხები, ირმისაზე უფრო წვრილია
ამ თვალუწვდენელ ბაღში.
ბევრი დრო მქონდა დასაწყნარებლად,
იმ უცნაურ სიმშვიდეს სევდიან დასასრულს ვუწოდებდი.
ბოლოს ბებია თხუთმეტი წლის ასაკში ვნახე.
კორეულიდან თარგმნა თეონა კომახიძემ
Leave a Comment